მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?!
მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?!
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი.
მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით?