საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვტიროდი: «სადა ხარ, ჩემო სულიკო?!» ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი: «შენ ხომ არა ხარ სულიკო?!» ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: «შენ ხომ არა ხარ სულიკო?!» შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: «დიახ, დიახო!» დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით: «შენ ხომ არა ხარ სულიყო?!» დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა: "ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! «სამად შექმნილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო, თქვენ ერთანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო». მენიშნა!.. აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩვი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა! ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ: სამგან გაქვს ბინა, სულიკო!